logo
ENG



იაგო ხვიჩია: ჩვენი მიზანია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შერიგება

29 იან 202114:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/29/xxj95xaphzchn95.png

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი მიზანი არა კონკრეტული პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლაა, არამედ, "ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შერიგება". ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში საუბრისას ხვიჩიამ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას პოლიტპატიმრები აღარ ეყოლება. 

"ამ ფაქტს [კარტოგრაფების გათავისუფლებას] არ უკავშირდებოდა ჩემი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. მე ვულოცავ გათავისუფლებას ივერი მელაშვილსა და ქალბატონ [ნატალია] ილიჩოვას. ამ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ მას არ ჰყავდეთ პოლიტპატიმრები.

ჩვენ 3 პოლიტიკური პატიმრისთვის კი არ ვიბრძვით, ჩვენი მიზანია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შერიგება და ამ შერიგების გამოხატულება იყოს პარლამენტში შესვლა და ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ამის გამო არ გვეყოლება პოლიტპატიმრები", - ამბობს იაგო ხვიჩია. 

მის კომენტარს ფორმულას ეთერშივე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა და "უკიდურესი მიამიტობა" უწოდა იმაზე საუბარს, რომ "ენმ ვინმემ შეარიგოს ტერორისტთან". 

"ბიძინა ივანიშვილი იქცევა, როგორც ტერორისტი, იმიტომ რომ იტაცებს ადამიანებს, ტყვეებად აყავთ და შემდეგ გეუბნება, შედით პარლამენტში და გამოვუშვებო. წარმოუდგენელია შეგვარიგოს ვინმემ ადამიანთნ, ვინც იპარავს არჩევნებს და ამით პარავს ჩვენს შვილებს მომავალს", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 


close დახურვა