logo
ENG



იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატურად საკუთარი თავი წარადგინა

20 სექ 202213:42
3 წუთის საკითხავი
 
იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატურად საკუთარი თავი წარადგინა

გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საკუთარი თავი წარადგინა. ამაზე მან პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და პარლამენტს მხარდაჭერა სთხოვა.

ხვჩიას თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილებების გათვალისწინებით, გირჩი "ვერავის ენდობა, ასეთი კანდიდატურა არ გვყავს ქვეყანაში" და ამიტომ, გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა.

"იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფიქსირდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ.

გირჩის სახელით, სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს ყველა პარტიიდან, რომელიც არ უნდა იყოს ის. მგონია, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვარჩევდეთ სახალხო დამცველს" - თქვა ხვიჩამ.

ხვიჩიამ ისაუბრა გეგმებზეც და აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში მისი ყურადღება სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებებზე იქნება მიპყრობილი.

"რაც შეეხება ჩემს დაპირებას და გეგმას, ეს იქნება ის, რომ ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს. ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ,რომ თუ ამირჩევთ, მორჩება დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები,LGBT  თემის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობების თუ ა.შ.

ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა იმიტომ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს, ჩვენ როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ. ამავდროულად, რასაკვირველია, ყოველგვარ საჭიროებას, რაც არსებობს ისეთ რეალობაში, როცა სასამართლო არ გივარგა, ჩვენ ვერ ამოვავსებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ადამიანს პატიმრობა ემუქრება, ვეცდებით, რომ ის პოზიცია დავაფიქსიროთ, რაც სამართლიანი იქნება იმ წუთას და გაჩვენოთ ამ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებები, რომელსაც მართალია, ბევრს ვაკრიტიკებთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავიაზრეთ პოლიტიკოსებმა თუ რა მტკივნეულად ეხება ის თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყნისა"- თქვა ხვიჩიამ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდება ინფორმაცია პარლამენტის მიერ განაცხადების მიღების თაობაზე.

გარდა ამისა, განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო 9-წევრიან ჯგუფს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა. შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.


close დახურვა