logo
ENG



იაპონიის ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

09 ივლ 202200:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/erlilpfovzuqfrs.jpg
Financial Times

იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს.

ნარა-ნიშის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა, იამაგამი ტეცუიამ განაცხადა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა "კონკრეტული ორგანიზაციის" მიმართ, რომელთანაც, მისი ინფორმაციით, აბეს კავშირი ჰქონდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ეს მტრობა არ უკავშირდება პოლიტიკას. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რეალურად არსებობს თუ არა ორგანიზაცია, რომლის სახელსაც ეჭვმიტანილი არ ამბობს.  

სინძო აბე 8 ივლისს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ნარაში, რკინიგზის სადგურთან სიტყვით გამოდიოდა, როცა მას 2 ტყვია ესროლეს. სინძო აბე შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია.

გამომძიებლების ცნობით, თავდამსხმელმა აბეს ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას კიდევ რამდენიმე მსგავსი ხელნაკეთი იარაღი იპოვა.

სინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა. მან პრემიერმინისტრის პოსტი 2020 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

 

close დახურვა