logo
ENG



იგნორი არის ყველაზე კარგი შეფასება მისი წარუმატებელი საქმიანობისა - გოცირიძე პრეზიდენტზე

03 მარ 202020:03
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 4 მარტს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება. მას დარბაზში საპარლამენტო ოპოზიცია არ დახვდება.

ოპოზიციური პარტიები არ წყვეტენ ბოიკოტს და ამბობენ, რომ პარლამენტში არც პრეზიდენტის მოსასმენად მივლენ. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან არანაირი კითხვა არ აქვთ.

„ზურაბიშვილთან რა კითხვა უნდა გვქონდეს. გვაოცებს ყოველ ჯერზე, რომ შეუძლია შექმნას პრობლემა და ვისურვებდი, რომ ამ გამოსვლითაც რაიმე პრობლემა არ შექმნას", - ამბობს გიგა ბოკერია.

„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმი სალომე ზურაბიშვილის მოხსენების გამო არ შეწყდება.

„არ ვაპირებთ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოსვლას პრეზიდენტის მოხსენების გამო. იგნორი არის ყველაზე კარგი შეფასება მისი წარუმატებელი საქმიანობისა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მოხსენება არ იქნება იმის ადეკვატური, რაც მოხდა ერთი წლის განმავლობაში. როგორც  დავით ჭიჭინაძე აცხადებს, ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებას არ გააკეთებს.

„ძალიან ძნელია მისი მოსმენა - განსაკუთრებით რა თემებსაც ის შეეხება - პროპორციული სისტემა, ივნისის მოვლენები. ამბობს, რომ ეს საკითხები მას არ ეხება და ალბათ თალიბანსა და აშშ-ს ურთიერთობაზე დაგველაპარაკება. ანომალიური მოვლენაა სალომე ზურაბიშვილი და ალბათ გააკეთებს რაიმე განცხადებას, რომელიც ქვეყნის შეურაცხმყოფელი იქნება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მოხსენებას დაესწრებიან დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან აქვთ კითხვები და ხვალ პარლამენტში დასვამენ კიდეც.

„დავესწრებით მოხსენებას და გვექნება კითხვებიც. დაპირება იყო, რომ იზრუნებდა საზოგადოების გაერთიანებაზე და რეალურად მისი გამონათქვამები არის საზოგადოების გამხლეჩი, დაპირისპირების საგანი", - ამბობს ლევან კობერიძე.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მოხსენება საინტერესო იქნება და ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხება. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არ ესმის, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. 

„მოველით, რომ იქნება საინტერესო განხილვა. მოხსენება, როგორც წესი, ეხება ყველაზე მნიშვნელოვან თემებს. ოპოზიცია დიდი ხანია ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტის დაკეტვაც კი სცადეს. არ ესმის ამ ოპოზიციას, რომ საზოგადოების დაკვეთა არის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.


close დახურვა