logo
ENG



იენს სტონტელბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩება

04 ივლ 202317:33
3 წუთის საკითხავი
 

სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა. იგი პოსტს 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეინარჩუნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სტოლტენბერგი Twitter-ის საშუალებით ავრცელებს. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მისთვის პატივია კიდევ ერთი წლით დაიკავოს მოცემული თანამდებობა.

"პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე," - წერს სტოლტენბერგი.

როგორც Reuters იუწყება, სტოლტენბერგი ფართოდ აღიქმება ალიანსში, როგორც სტაბილური ლიდერი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსესუსის შექმნა. ამასთან, დიპლომატები და ანალიტიკოსები სტოლტენბერგს აძლევენ მაღალ შეფასებას უკრაინასთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ NATO-ში მიმდინარეობდა მსჯელობა სტოლტენბერგის მემკვიდრის თაობაზე, ნაწილი ფიქრობდა, რომ ახლა შესაფერისი დრო იყო ახალი გენერალური მდივნის ასარჩევად. კერძოდ, კანდიდატებად დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესა და ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი განიხილებოდნენ.

მიუხედავად ამისა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანი ჯეიმი შეა აცხადებს, რომ ნატოს წევრებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და სტოლტენბერგი ამჟამად საუკეთესო კანდიდატია.

"ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკურია - რომ საუკეთესო გენერალური მდივანი ამჟამად ბაზარზე არის ის, რომელიც მათ უკვე ჰყავთ. ნატოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდისას, საჭირო გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია." - თქვა ჯეიმი შეამ.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდან არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერი და მას უფლებამოსილება უკვე სამჯერ გაუხანგრძლივდა, ხოლო ვადა თანამდებობაზე 2023 წლის ოქტომბერში ეწურებოდა.

 


close დახურვა