"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში შესაძლო ყოფნას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება.
როგორც რატიანმა "ფორმულას" განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პარლამენტში მოხვედრა მას საერთაშორისო სანქციებისგან დაიცავს, თუმცა დეპუტატის თქმით, ეს მისი მხრიდან მცდარი მოლოდინია.
"ივანიშვილი პირველ ნომრად იქნება თუ ბოლო ნომრად, ყველა შემთხვევაში წააგებს. ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ სიას წერს ივანიშვილი და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილი შეშინებულია სანქციებისგან და პარლამენტი არის მისთვის თავშესაფარი. მას ჰგონია, რომ პარლამენტი და იმუნიტეტი გადაარჩენს მას საერთაშორისო სანქციებისგან“,- განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში შესაძლო მოხვედრასთან დაკავშირებით. გახარიამ ეს არ გამორიცხა.
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.