logo
ENG



ივანიშვილი ქვეყანას აბარებს რუსეთს - ოპოზიცია კალაძის განცხადებას ეხმაურება

20 თებ 202008:28
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის Twitter-ს ეხმაურება და მას ნეგატიურად აფასებს. 

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პარტია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს. 

„ლელო ყოველთვის იდგა და დგას, სადაც არის საქართველოს საუკეთესო დემოკრატიული ინტერესები. ვაპირებთ, რომ ეს გზა გავაგრძელებთ. საუბარს ვაპირებთ საერთო ინტერესების ფორმატში და არ ვაპირებთ, რომ რაიმე სახის ფარულ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ. ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებს „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანიც. ჩარკვიანი ივანიშვილს რუსეთის ვასალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქვეყანამ დასავლეთის მიმართულებით სვლა უნდა გააგრძელოს. 

„ივანიშვილს ვებრძვი იმიტომ რომ დაანგრია ქვეყანა და ქვეყანა მიჰყავს და აბარებს რუსეთს. რა საქმე მაქვს რუსეთის ვასალთან?! ფრთხილად საქართველოვ, დასავლეთის ვექტორი უნდა დადგეს ერთად და გაემიჯნოს რუსულ ვექტორს. ეს არის გადარჩენა და ეს ქვეყანა მორჩება ერთ წრეზე სიარულს“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პოსტში კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში მონიშნა.

„პარტია „ქართული ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა შევთანხმდეთ ყველაზე სამართლიან საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - წერს კალაძე.

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა