logo
ENG



ივანიშვილი ხალხის ხმას გაიგებს - ოპოზიცია ქუთაისში აქციას გამართავს

06 დეკ 201907:38
3 წუთის საკითხავი
 
519umdjxpi912zm.jpg

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს 14:00 საათზე ქუთაისში მასშტაბურ მშვიდობიან აქციას გამართავს. აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება. აქციის მთავარი მიზანი კვლავ უცვლელია - 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, აქცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს გაერთიანებული ოპოზიციისთვის რეგიონში პირველი გასვლაა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი და მსგავსი მსვლელობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. 

"ყველაფერი იქნება მშვიდობიანი. ასეთი აქციები გაგრძელდება სხვა ქალაქებში, სხვა რეგიონებში, ასევე გაგრძელდება თბილისში, პარლამენტთან. ამ ყველაფრის დასასრული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოიძებნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

პროპორციული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაიაც საუბრობს. კორძაიას თქმით, პროტესტი მთელ საქართველოს მოიცავს.

 „ქუთაისელებსაც აქვთ პრეტენზია, რომ საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ეს პროტესტი მთელ საქართველოში არის ერთიანი. ივანიშვილი გაიგებს ქართველი ხალხის თავისუფალ ხმას“, - განაცხადა კორძაიამ. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისში მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა კონტრაქცია გამართონ, თუმცა ვაშაძე ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს. 

"თუ 100 კაცი ვიქნებით ტროტუარზე წავალთ, თუ მეტნი ვიქნებით მაშინ გზაზე გავივლით. ამბობენ კონტრაქციას აპირებენ, მაგრამ ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

 


close დახურვა