გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება 6 ივლისიდან შევიდა ძალაში.
ბახუაშვილი, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ახალ თანამდებობაზე გადასვლამდე აღნიშნულ უწყებაში საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, 10 ივნისიდან მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, მიმდინარე წლის 23 მაისიდან, ის უწყების გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
ახალი მოადგილე, რომელიც სულხან თამაზაშვილის გუნდს უერთდება, საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, სადაც მან ათი წელი გაატარა.
