logo
ENG



ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ თუ აქციები არ შეწყდება, ყველა ციხეში წავა - ოპოზიციის შეფასებები

16 თებ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

"პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ფაქტით შეწუხებულია, თუმცა თალაკვაძე ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერს პროკურატურასთან შეთანხმება და პატიმრობის არიდება შეეძლო, რაზეც მან უარი განაცხადა

"ადამიანურად ვწუხვართ რომ პატიმრობაშია, მეორე მხრივ კი, მან გააკეთა განცხადება, პროკურატურასთან საპროცესო შეთავაზება ჰქონდა. როგორც ჩანს შეეძლო პატიმრობისგან თავი აერიდებინა. ასევე, აქ სხვა კითხვებიც ჩნდება - ოპოზიციის ამ ნაწილის დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა განსაზღვრული, როცა მისმა თანაგუნდელებმა უგულავას ასეთ შეთავაზებაზე უარი ათქმევინებს. ყველამ ნახა, უგულავას დაპატიმრების პროცესის დროს ამ ფაქტს როგორ იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესაძლო გარიგების რისკებს ხედავენ, მათი თქმით, თალაკვაძემ აღიარა, რომ ხელისუფლებას უგულავასთან ჰქონდა მოლაპარკება. იმ შემთხვევაში, თუ აქციებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, პატიმრობას თავიდან აიცილებდა. მათივე თქმით, უგულავა რომ პოლიტიკური პატიმარია, თალაკვაძის განცხადებებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

"ეს ნიშნავს იმას, რო უგულავა პოლიტიკური პატიმარია და ივანიშვილის გარემოცვამ იცოდა, რატომ აპატიმრებდნენ მას", - აღნიშნავს ხატია დეკანოიძე. 

"ევროპულ საქართველოშიც" დარწმუნებულები არიან, რომ გიგი უგულავას დაპატიმრება და არჩილ თალაკვაძის განცხადებები პირდაპირ უკავშირდება საპროტესტო აქციებს და ამ გზით ხელისუფლება ოპოზიციას ევაჭრება. 

"თალაკვაძეს ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანმა შესაძლოა თავისი პრინციპების გამო თავი გაწიროს, რადგან თავად მონა გახლავთ. ეს ღიად ჰქონდა ნათქვამი ივანიშვილს, რომ პროტესტი თუ არ შეწყდებოდა, ყველა ციხეში წავიდოდა", - აღნიშნა სერგო რატიანმა. 

"ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 


close დახურვა