logo
ENG



ივანიშვილმა ხალხი ფეხებზე დაიკიდა, მისი ბანდა აგონიაშია - ოპოზიცია შეხვედრიდან შედეგს არ ელის

08 დეკ 201918:59
3 წუთის საკითხავი
 
wgw0856ob5a5vvf.jpg

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებასთან მიმდინარე შეხვედრისგან განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ  კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს და კომპრომისზე წავიდეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ბოკერია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, დიალოგის ფორმატით ისარგებლოს. 

„დათმობაზე საზოგადოება რატომ წავა, როდესაც ივანიშვილმა სიტყვა გატეხა და ხალხი ფეხებზე დაიკიდა. თუ გონს მოვლენ, ამ მაგიდასთან ეს გონს მოსვლა უნდა გაფორმდეს. თუ გონს არ მოვლენ, გარეთ პროტესტი გრძელდება, საერთაშორისო წნეხი იზრდება. მათ არც ერთი კითხვა და პასუხი არ აქვთ. დიალოგი თვითონ შეწყვიტეს. თუ ივანიშვილი და ეს მისი ბანდა არ მოვა აზრზე, რომ ნაბიჯი უკან გადადგას, ურჩევნიათ ამ მოლაპარაკებების ფორმატით ისარგებლონ, ასე დიდხანს ვერ გაძლებენ. ეს რეჟიმი აგონიაშია. ეს ივანიშვილის ინტერესშია, რომ ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას ჯერ ვერ ხვდება, რადგან უგუნურია. ჩვენ ვერ ვიქნებით მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას აზრს იზიარებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. ის ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყანა უბედურებაში გახვია.  

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ უკვე წასულია ხელისუფლებიდან. ქვეყანა გახვიეს ამ უბედურებაში და კიდევ ჩვენგან ელიან რამე შეთავაზებას?! შევთავაზეთ ჩვენ გერმანული მოდელის საფუძველზე დამუშავებული ვერსია, რომელიც ამბოხებულ მაჟორიტარებსაც აკმაყოფილებს, მოპროტესტე ხალხსაც, პოლიტიკურ ძალებსაც, ივანიშვილის დაპირებასაც ასრულებს, ყველაფერს აკეთებს, ერთადერთი - სამზარეულოში ჭურჭელს ვერ რეცხავს, თორემ დანარჩენს ყველაფერს აკეთებს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"ფორმულასთან" საუბარში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციურ სპექტრში განხეთქილების მოწყობა სურს, თუმცა პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამას არ დაუშვებენ. 

"ხელისუფლება აბსოლუტურ ისტერიკაში იყო, რადგან შევძელით, რომ ყველა ერთ მაგიდასთან დავსხედით. ძალიან ცუდია, თუ ხელისუფლება დღეს ცარიელი ფურცლით მოვიდა. ჩვენ უკვე შევთავაზეთ ჩვენი მხრიდან არგუმენტები. ახალგაზრდები უკან არ დაიხევენ და არც ოპოზიციური პარტიები დაიხევენ უკან“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

 


close დახურვა