საზოგადოება რუსთაველზე შეუსრულებელი დაპირების გამო გავიდა. „ქართული ოცნება" "გავრილოვის ღამის" შემდეგ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო. ახლა აქციის ორგანიზატორები უფრო მასშტაბურ გამოსვლებსაც აანონსებენ. კარვების დაშლას კი იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. გუშინ აქციას გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა.
ყოფილი პრეზიდენტი აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა:
„მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ ასე მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ცხოვრების წესად იქცა. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, რადგან, როგორც ელისაშვილმა თქვა, პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში "ქართული ოცნება" დამარცხდება.
"ბიძინა ივანიშვილს ეშინია პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების. იმიტომ, რომ გადათვალა, გადმოთვალა და მიხვდა, რომ ხელისუფლებას კარგავს. ივანიშვილს უნდა ვუთხრათ ერთი რამ, ნებისმიერ არჩევნებზე დაგანგრევთ შენ და „ოცნებას“, დედას გიტირებთ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
აქციაზე ასევე პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გარეთ გამოვიდნენ და აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
"მესამე ზამთარი მოდის, რაც აქ ვდგავარ. ჩემი თხოვნა იქნება ნურავის შეეშინდება სიცივის. ყველანი კარგად ვხედავთ, რა ხელისუფლება გვყავს და როგორ გვახრჩობს მახრჩობელა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.