logo
ENG



ივანიშვილს, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს - რეზოლუციას კენჭს 12 მარტს უყრიან

07 მარ 202019:51
3 წუთის საკითხავი
 
fx9eqf1ek24x7gm.jpg

თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდა, სანქციების საკითხი განიხილება - ამ განცხადების ავტორი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურეშანია.

"ფორმულა ნიუსთან" ინტერვიუში, ევროპელი დეპუტატი ამბობს, რომ ევროპარლამენტმა, შესაძლოა, სანქციებზე იმსჯელოს, თუმცა ამან ქართველი ხალხი არ უნდა დააზარალოს და ის იმ ადამიანებისკენ უნდა იყოს მიმართული, ვინც ქვეყანაში ვითარებას აუარესებს

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანქციები იმ კონკრეტული პირების მიმართ დაწესდება, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობს პოლიტიკურ რეჟიმს, საქართველოს შემთხვევაში კი ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი უშუალო გარემოცვა იქნება.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე დებატებისთვის ემზადება. არის მოლოდინი, რომ საქართველოში ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავებების, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების, მშვიდობიანი დემონსტრაციების არაერთხელ დარბევისა და სასამართლოს პოლიტიკური მიზნების გამოყენების გამო - რეზოლუცია მეტად კრიტიკული იყოს. "ფორმულა ნიუსის" ინფორმაციით, შესაძლოა, ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებულ დოკუმენტს თან დაერთოს სანქციებიც, რომელიც,  სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას შეეხება. 

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობამ დასავლეთიდან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო. ამერიკელი კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში დემოკრატიის გზიდან უკუსვლაა. ამ ფაქტებზე დაყრდნობით ოპოზიცია ვარაუდობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას გააგრძელებს, შესაძლოა ქვეყანას ეს ძვირად დაუჯდეს. 

ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ კრიტიკული იქნება, ამაში დარწმუნებულები არიან საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. დასავლეთის მკაცრი ტონი, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ იმ ქმედებების გამო დაიმსახურა, რასაც ბოლო წლებია მიმართავს. 

ბრიუსელში მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების არაერთი ვიზიტი შედგა. ყველა შეხვედრაზე ისინი რეზოლუციის კენჭისყრის გადავადებას ითხოვდნენ, რაც ამყარებს ეჭვს - ხელისუფლებამ იცის, რომ ევროპარლამენტარები მათ ქმედებებს ნეგატიურად აფასებენ. 

რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში მხარეებს შესწორებების შესატანად ვადა ორშაბათს ეწურებათ. საქართველოში არსებულ სიტუაციის შესახებ მომზადებულ დოკუმენტზე დებატები სამშაბათს გაიმართება, რეზოლუციას კენჭს კი 12 მარტს უყრიან. 

 

 


close დახურვა