"კვაზიავტორიტარიზმი" - ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას. მათი განცხადებით, ძალისმიერი მეთოდები, რომელსაც "ქართული ოცნება" იყენებს, აგონიაში მყოფი კაცის ქმედებას ჰგავს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაიზრდება და ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა მოუწევს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, ივანიშვილის ქმედებები შეშინებული ადამიანის ქცევას ჰგავს. თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ამერიკის გზავნილებს მაინც ითვალისწინებს, რადგან სხვა გზა აღარ აქვს. ასევე არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ ვითარება უფრო დაიძაბოს.
"ესაა შეშინებული ხელისუფლების ქმედება. თავიდან იყო პოლიტიკური პირების უბრალოდ დაკითხვები, შემდეგ კი მიგზავნები, ჩხუბი და ა.შ. ეს საქართველოში არ გავა, ვერ შეგვაშინებენ. ისინი სკამებისთვის იბრძვიან და ეს ყოველთვის დამარცხებით მთავრდება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
დავით ბერძენიშვილის თქმით კი, საბოლოოდ, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი არაფერს მიიღებს.
"ივანიშვილს სურს ავტორიტარიზმი, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. საქართველო ვერ იტანს მსგავს მმართველობას. ივანიშვილს უნდა ყველაფერი და მიიღებს არაფერს", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ქართული ოპოზიცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას შეხვდება აშშ-ის ელჩს საქართველოში. მხარეები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე იმსჯელებენ.