logo
ENG



იზოლაციის ახალი ტალღა - ოკუპანტებმა შესაძლოა, პერევთან არსებული გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ

25 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

იზოლაციის ახალი ტალღა და საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების პირობებს უმძიმებს.

უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, პერევთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი უკვე გააფრთხილეს.

მოსახლეობა, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებას ახლა მხოლოდ ამ ხიდის გავლით ახერხებენ, იმ შემთხვევაში თუ რუსი ოკუპანტები, აქ უკანონოდ მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავენ, მაშინ სამაჩაბლო სრულ იზოლაციაში მოექცევა. 

ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფი ახალგორისთვისაც ერთადერთი ალტერნატივა მედიკამენტებისა თუ საკვების მისაღებად, სწორედ პერევია. ადგილობრივი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესებით საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გამოძევებას ცდილობს. მისივე თქმით, მიუხედავდ რთული გზისა და შორი მანძილისა, ოძისის ალტერნატივად, ადგილობრივები პერევის დამაკავშირებელ გზას მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად ხშირად იყენებენ. 

პერევის უკანონო საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ოკუპანტების მორიგი გადაწყვეტილება ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურებისკენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობამ ზეწოლა ჟენევის დისკუსიებსა და თანამეგობრობას გამოყენებით უნდა მოახდინოს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკა ხელისუფლებას ყველაზე მეტად აზარალებს. მათი განცხადებით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით რუსეთზე ზემოქმედებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, სოფელ ოძისზე გადის. აქ განთავსებული საპოლიციო პუნქტი ოკუპანტებმა 6 თვის წინ ჩაკეტეს. მას შემდეგ მხოლოდ 10 დღით პენსიონერებისთვისა და სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გახსნეს. თუმცა, დღეს ერთადერთი დამაკავშირებელი გზა პერევზე გადის, რომელსაც ოკუპანტები სავარაუდოდ 2 კვირაში ჩაკეტავენ. უკანონოდ მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემთხვევაში, სამაჩაბლო სრულ იზოლაციაში მოექცევა. 


close დახურვა