logo
ENG



იზორია ელჩობაზე: ითქვა, რომ ჩემს მიმართ დასჯის ფორმა განხორციელდა, ეს მოგონილი ისტორიაა

28 იან 202007:21
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორია თანამდებობის დატოვებას მისი ძმის ინციდენტს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო. თუმცა, ამავდროულად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა.

ლევან იზორია ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და გერმანიაში ჩასვლას თებერვალში გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს დაზვერვის სამსახურს. 

„უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია, რომ ჩემი საქმიანობა დღეს შეწყდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში. თურმე, გუშინ აცხადებს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომ ამის გამო უნდა დაისაჯოს. არადა, ორი თვეა ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია. გარკვეულწილად, საზოგადოებამაც თქვენის მხრიდან გაიგო, რომ შეიძლება, სავარაუდოდ, გერმანიაში ელჩი ვყოფილიყავი. როგორც ზოგადად ითქვა, რომ ჩემს მიმართ დასჯის ფორმა განხორციელდა, მოგონილი ისტორიაა. დასჯა თუ არის გერმანიაში ელჩად მივლინება, ესეც დაინტერესო დეტალია“, - აცხადებს იზორია.

შეგახსენებთ, რომ იზორიას პოლიტიკური წრიდან გაუჩინარების შესახებ „ფორმულამ" სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში იმყოფებოდა, მიზეზი კი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა. საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება.  

რაც შეეხება იზორიას ძმის საქმეს, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.

აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.

 


close დახურვა