ლევან იზორიას განცხადებიდან ხუთი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიის რესპუბლიკაში ახალი ელჩის არჩევასთან დაკავშირებით პროცედურები არ მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საკითხზე დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის კანდუდატურა მიუღებელია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მით უმეტეს, რომ იზორიას მისამართით საზოგადოებაში არაერთი კითხვა დაგროვდა, მათ შორის კითხვები აქვთ საგამოძიებო ორგანოებს.
ოპოზიციაში, ასევე, არ გამორიცხავენ, რომ იზორიამ საზოგადოება მოატყუა, ან თავად დარჩა მოტყუებული.
საკითხზე კომენტარის გაკეეთბა არ სურთ მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ კითხვას - ინიშნება თუ არა იზორია ელჩად - არ პასუხობენ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ფორმულა“ ლევან იზორიას სახლში იმყოფებოდა, თუმცა მათ მედიასთან საუბარი აღარ ისურვეს.
ელჩის შეცვლასთან დაკავშირებით ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროდან განცხადება არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ადგილმონაცვლეობის შესახებ გაფრთხილება არ აქვს საქართველოს ელჩს გერმანიაში. „ფორმულას" ინფორმაციით, იზორია დაპირისპირებულია ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის უშუალო დავალებითაც თავდაცვის სამინისტროში იზორიას მინისტრობის პერიოდის დოკუმენტების შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სწორედ გუნდის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაა მთავარი მიზეზი, რამაც იზორიას ელჩად დანიშვნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.