ესპანეთის ნაკრებისა და "მადრიდის რეალის" ყოფილი მეკარე 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას ასრულებს.
კასილასი, რომელიც კარიერის დასასრულს "პორტოში" თამაშობდა, საერთაშორისო კარიერის განმავლობაში ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ორგზის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ხუთჯერ მიიღო "ლა ლიგას" ტიტული და სამჯერ გახდა "მადრიდის რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის გზაა, რომელსაც გადიხარ და ის ადამიანები რომლებიც ამ გზას შენთან ერთად მიუყვებიან და არა ის დანიშნულების წერტილი, რომელთანაც ის მიგიყვანს, ვინაიდან ყველაფერი შრომითა და ძალისხმევით მიიღწევა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საოცნებო გზა", - დაწერა კასილასმა Instagram-ზე გამოსამშვიდობებელ პოსტში.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ კასილასის განაცხადს "მადრიდის რეალიც" გამოეხმაურა. ესპანეთის სამეფო კლუბის Intagram გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი კასილასს მადლობას უხდის ლეგენდარული კარიერისთვის.
"მადრიდის რეალს სურს გამოხატოს მადლიერება, თაყვანისცემა და სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ლეგენდის მიმართ ჩვენს კლუბშიც და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიც. მადრიდის რეალისა და ესპანური ფეხბურთის საუკეთესო მეკარე ჩვენს სახლში 9 წლის ასაკში მოვიდა. იკერ კასილასის ადგილი მუდამ იქნება ჩვენს გულებში", - ვკითხულობთ კლუბის გამოსამშვიდობებელ ტექსტში.