საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.
იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.
ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან", - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
1-ელ დეკემბერს, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა. ინფორმაცია დაღუპულის მამამ, არჩილ ხოფერიამ სოციალური ქსელით გაავრცელა.
3 დეკემბერს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.