საჯარო მადლობა ამბიონიდან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს დღეს სამების ტაძრის მშენებლობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა. გიორგობის დღესასწაულთან ერთად, დღეს სამების ტაძრის გახსნის 15 წლის იუბილეც აღინიშნება.
„წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა,“ - განაცხადა ილია მეორემ.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელის განცხადებით, საქართველოში დაიწყო დიდი პროცესი შემობრუნებისა.
„ჩვენ ვხედავთ სწორედ ქრისტიანულ საზოგადოებებში, როგორ თანდათან სულ უფრო და უფრო რწმენა სუსტდება. მაგრამ ვინაიდან არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამის საპირისპიროდ საქართველოში დაიწყო დიდი პროცესი შემობრუნებისა. უკვე 42 წელია მიმდინარეობს ეს საოცარი პროცესი,“ - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა.