ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მარტში დებატები გაიმართება, რასაც რეზოლუციაზე კენჭისყრა მოჰყვება. ამის შესახებ "ფორმულასთვის" გახდა ცნობილი. დიდი ალბათობით, რეზოლუციის ტექსტში "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას საქმეც იქნება ასახული.
ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ასევე შემუშავდება განცხადება, რომელსაც ღია წერილის ფორმატი ექნება.
"ინიციატივა, რამდენიმე შესწორების შესახებ წამოვაყენე, რომლებიც იმას ასახავენ, რაც საქართველოში ხდება, მაგალითად საარჩევნო რეფორმის ჩავარდნასთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ჩანს ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. ამასთან დაკავშირებით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ საკუთარ განცხადებას შევიმუშავებთ, მოდით ამას ღია წერილი დავარქვათ. რამდენიმე კონგრესმენმა და სენატორმა ამერიკიდან უკვე გამოგზავნა მსგავსი წერილი და ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, ვფიქრობ რომ მას ყველა ან თითქმის ყველა ევროდეპუტატი გაიზიარებს. ხელმოწერის სურვილი უკვე რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა. ვადას რაც შეეხება, ამ შეხვედრასა და მარტში სტრასბურგში დაგეგმილ სესიას პერიოდში გავგზავნით, რომელზეც საქართველოს შესახებ რეზოლუცია უნდა გამოიტანონ. წერილის ადრესატი სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი ან მმართველი გუნდის თავმჯდომარე იქნება“, - აცხადებს გრეგოროვა.
