პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, პარტიის დამფინანსებლების პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მისცემს.
ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია დატოვებს ალიანსს.
"პარლამენტში სამი ან ოთხი უპარტიო ბიზნესმენის თეორიული შესვლა, რადგან არ ვიცით ჩვენი სიის ბიზნეს შემადგენლის წარმომადგენლების აზრი, ვერ მისცემს ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას. არც ერთი მათგანი არაა პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანი გაკეთება მოუწევს - ან შევა პარლამენტში და თუ შევა დატოვებს პარტიას, თუ არ შევა და იქნება ჩვენს პარტიაში", - აცხადებს ინაშვილი.
პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა. რაც შეეხება მეოთხე მანდატს, პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შევა პარლამენტში. ინაშვილის თქმით, ავთანდილ ენუქიძე პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია.
ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის გაუქმებულ საარჩევნო სიაში არ არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. არ არის გამორიცხული, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, სწორედ მათ დაიკავონ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები.
ზილფიმიანმა ღია წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს.