პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური ნაწილი, სიის პირველი სამი წევრი, პარლამენტში არ შედის, ხოლო ავთანდილ ენუქიძე, სიის მეოთხე ნომერი, პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია. ინაშვილის თქმით, პარტიას არ აქვს ბერკეტი, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ ავთანდილ ენუქიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.
ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსი არავის წინაშეა ვალდებული და პარტია თავის არჩეულ სტრატეგიას მიყვება.
"მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის პარლამენტში. ბატონი ავთო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის პარტიის შემომწირველი - აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მინდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არავის ვალი გვაქვს - არც ხელისუფლების და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ჩვენ ჩვენი სტრატეგიით ვმოქმედებთ", - განაცხადა ინაშვილმა.
პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვიტავს როდის შევა პარლამენტში.
"გადავწყვიტე მანდატზე უარი არ ვთქვა და როდის შევალ... როცა გადავწყვეტ შევალ. მე დავაფიქსირე, რომ მანდატს არ ვტოვებ და რა იქნება შემდეგ, მაგას ვნახავ", - აცხადებს ენუქიძე.
პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო არჩევნებში 4 სადეპუტატო მანდატი ერგო. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.
ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე სრულად ერთპარტიულია.