პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მიმდინარე ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფარგლებში, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მივიდა. შესვლამდე მან განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მისი პარტიის პოზიცია "ურყევია".
"მთავარი შეკითხვა ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც არჩევნებს აყალბებენ და თვალს ვხუჭავთ და შევდივართ პარლამენტში, თუ სადაც ტარდება თავისუფალი არჩევნები და არავის რჩება კითხვა პარლამენტის ლეგიტიმურობაზე.
ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ არჩევნები ყალბდება, შევდივართ პარლამენტში და მხიარულად ვაგრძელებთ საპარლამენტო საქმიანობას. [...]
ის, რომ უმრავლესობა [ქართული ოცნება] ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაკომპეტენტურობის გამოხატულება კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს", - თქვა ირმა ინაშვილმა.
მანვე მოუწოდა ყველა პარტიას, ვინც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, რომ ამ საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართონ ცესკოს.
"განცხადება შევიტანოთ ერთად ცესკოში. მაშინ პრობლემა მოიხსნება და დაინიშნება არჩევნები", - ამბობს ინაშვილი.
დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან.
ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.
ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.