"ამ ქვეყანაში არასდროს იქნება სიმშვიდე იმიტომ, რომ თქვენ დამნაშავეები, აქ დარბაზში დასვით", - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში დაადანაშაულა. ამასთან, დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი "წინა ხელისუფლების რეჟიმის ნაწილი არიან".
"ის ფიზიკურად რომ აწამებდა ქართველ ხალხს, თქვენ სულიერად გვაწამებთ ჩვენ და ამის მოთმენა, რაც აქ ხდება, არის აუტანელი. ადამიანურ ძალებს ეს ყველაფერი აღემატება. გაიგეთ და შეიგნეთ ეს ყველაფერი. ის სამარცხვინო სია, რომელიც წარმოადგინეთ, ისევ იმ რეჟიმის ნაწილი ხალხია, ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. არავითარი მხარდაჭერა არ ექნება ამ სიას, ამის იმედი ნუ გექნებათ", - მიმართა ინაშვილმა უმრავლესობას.
დეპუტატის ეს განცხადება მმართველი გუნდის წევრის, შოთა ყაველაშვილის გაღიზიანებამ გამოიწვია, რა დროსაც სხდომაზე ხმაური დაიწყო.