logo
ENG



ინაშვილმა და კულტურის პალატამ ბათუმის თეატრის თანამშრომლებს პროდუქტები დაურიგეს

06 აგვ 202021:20
3 წუთის საკითხავი
 
jv49x7qx7xw3nr5.jpg

ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილისა და ერთ-ერთი ბიზნესმენის სახელით სასურსათე კალათები გადაეცა. ინფორმაცია "ფორმულას" კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა დაუდასტურა.

ოქიტაშვილის თქმით, მან პანდემიის დასაწყისში მოუწოდა ყველას, კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დახმარებოდნენ. ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ მის მოწოდებას მხოლოდ ინაშვილი და ბიზნესმენი თორნიკე ქურდაძე გამოეხმაურნენ.

"როდესაც მოხდა პანდემია, მე მოვუწოდე ბიზნესმენებსა და ყველა ადამიანს, რომ კულტურის პალატა მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის, რომ ამ გაჭირვებულ ხალხს დავხმარებოდით, იმ ადამიანებს, რომლებიც სპექტაკლებით ცხოვრობენ. ერთადერთი ვინც ამას გამოეხმაურა იყო ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბიზნესმენი თორნიკე ქურდაძე. პროდუქტები გადმოგვცეს, თან გვთხოვეს, რომ არ თქვათო, ეს დანაშაულია? გამაფრთხილა ირმამ საერთოდ არ თქვაო. მარტში რატომ არ გააშუქეთ? მარტშიც გადავეცით... პატრიოტთა ალიანსმა მარტიც გადასცა სხვა ბიზნესმენებთან ერთად, დანაშაულია? შვილიშვილის გეფიცებით თუ ეს არჩევნებთან იყოს დაკავშირებული", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

მისი თქმით, ის ქართული ოცნების მხარდამჭერია, მაგრამ ნებისმიერი პარტიის დახმარებას მიიღებს, ვინც მზად იქნება კულტურის მუშაკებს დაეხმაროს.

"ბათუმელების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს პროდუქტებით კარფურიც დაეხმარა. 

თუმცა, "ფორმულასთან" საუბარში, კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მათ საჩუქრები მხოლოდ დევნილ ბავშვებს გადასცეს.

"აფხაზეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ. 21 ივლისს ბათუმში ღია ცის ქვეშ, ბულვარში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდამაყურებელთა პროფესიული თეატრის მხარდაჭერით, სპექტაკლი გაიმართა, სადაც 100-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი იყო. აფხაზეთის მთავრობამ გვთხოვა, რომ ბათუმის კარფურის ფილიალიდან ბავშვებისთვის საჩუქრები გადაგვეცა. ბავშვებს მივეცით საჩუქრები, მსახიობებისთვის არ გადაგვიცია საჩუქრები", - აცხადებენ კარფურში.

"ფორმულა" ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრსაც დაუკავშირდა, სადაც თეატრის დაცვამ გვიპასუხა. თავდაპირველად, მან დაგვიდასტურა, რომ პროდუქტები თეატრის თანამშრომლებს ირმა ინაშვილის სახელით გადასცეს, მაგრამ შემდეგ ნათქვამი უარყო და განაცხადა, რომ "არ აქვს ინფორმაცია ზუსტად ვინ დაარიგა". 

"ფორმულა" ინაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ თანაშემწემ გვითხრა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თათბირზე იმყოფებოდა და კომენტარისთვის არ ეცალა. 

 

 

 


close დახურვა