ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
მათ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოტანაზე ილაპარაკეს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც პირველია, ვინც ინდოეთიდან საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, განაცხადა, რომ ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა.
"ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ. მე ვარ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია, თუმცა საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს ძალიან ძვირფას მადლს - მრავალწამებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი მუდმივ მფლობელობაში რომ გადმოცემოდა ქვეყანას, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში.
ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოცემოდა საქართველოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ პირადად ჩამომებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი". - თქვა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მიულოცა, რომ "ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა".