თბილისში, "ევროკავშირის საქართველოს" ბიზნესსაბჭოს წევრთა კრება იმართება. შეხვედრაზე ბიზნესის გამოწვევები და პრობლემები განიხილეს.
საბჭოს წევრები დღეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ. ბიზნესმენებმა და საბჭოს წევრებმა ანაკლიის პორტსა და ამერიკელი კონგრესმენების წერილზეც ისაუბრეს.
"ევროკავშირის-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ საქართველომ სტრატეგიული პარტნიორების რჩევები უნდა გაითვალისწინოს.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა მოვუსმინოთ, გავიზიაროთ მათი წინადადებები და შესაბამისად უნდა მივყვეთ იმ რეგულაციებს და სამოქმედო გეგმას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას მძიმე ვითარებიდან“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
როგორც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აცხადებს, ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველო მათთვის საუკეთესო ადგილია.
"გარკვეული შეშფოთება არსებობს. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, პარლამენტთან პრობლემები არის და ერთად უნდა ვიმუშაოთ. ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ბევრი ადგილი არსებობს, მაგრამ ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ აქ არის მათთვის საუკეთესო ადგილი", - აღნიშნა ქაუგილიმ.
ანაკლიის პორტზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.
„არაერთხელ მოხდა იმ ვალდებულებების გადავადება, რომ ინვესტორს შესაძლებლობა ჰქონოდა იმ ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანა, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოხდა. ეს ფაქტი არ ცვლის სახელმწიფოსთვის ამ პროექტის პრიორიტეტობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი შედგეს", - განაცხადა ნადარეიშვილმა.