logo
ENG



ინსპექტორის გამომძიებელი: სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხერხდა, იგი თანახმაა ექსპერტიზაზე

09 ნოე 202120:47
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე, რომელმაც განაცხადა, რომ გამოკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა პატიმარი თანახმაა ექსპერტიზაზე.

საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტს, რა დროსაც, ყოფილი პრეზიდენტის ცნობით, ბადრაგმა მასზე იძალადა და ტანსაცმელი შემოახია. 

"არსებობს თუ არა მის სხეულზე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, საჭიროა ამის სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე თანხმობა გამოთქვა. თანახმაა, პირადად წარსდგეს ექსპერტების წინაშე, მის მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. 

გამოკითხვა ვერ მოხერხდა. კორონავირუსის გამო პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხვაზე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით. როგორც აღმოჩნა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისათვის მიუღებელია გამოკითხვის ამ ფორმით ჩატარება. ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულო გზებზე", - განაცხადა გამომძიებელმა. 

დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელისა და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 9 ნოემბერს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, თუმცა გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.


close დახურვა