logo
ENG



ინტერვიუ ანა გაბეჩავასთან - როგორ იქცა დაბადების დღე ტრაგედიად

18 ივლ 202020:43
3 წუთის საკითხავი
clock 1098

ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღე ტრაგედიად იქცა, 18 ივნისის ღამით ნარეკვავში მომხდარის შემდეგ, საჯაროდ პირველად საუბრობს.

გოგონა, რომელმაც დაბადების დღის გადახდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაგეგმა ამბობს, რომ აგარაკი ნარეკვავში იმიტომ იქირავეს, რომ იქ მისმა კლასმა ბოლო ზარი აღნიშნა. დაბადების დღეზე გაბეჩავამ კლასელები და მეგობრები დაპატიჟა. 

„დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად, სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით ერთ-ერთმა ჩემა დაქალმა მითხრა - "მოდი დავპატიჟოთ გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილიო", არანაირი პრობლემა არ მქონია, სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის",- განაცხადა ანა გაბეჩავამ.  

გაბეჩავას თქმით, დაბადების დღეზე პირველი სიტყვიერი შელაპარაკება მოზარდებს შორის დაახლობით საღამოს 10 საათზე მოხდა, თუმცა მალევე სიტუაცია განიმუხტა.

როგორც გაბეჩავა "ფორმულას" ეთერში ჰყვება, ახალგაზრდებს შორის პირველი სიტყვიერი კამათის მიზეზი ის იყო, რომ დიჯეის, კოკო ღიბრაძეს, წვეულებაზე მყოფებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. კერძოდ, უთხრეს მუსიკა შეეცვალა და დაეკრა ის რაც მათ სურდათ. საქმის ფიგურანტის განმარტებით, ამ ეპიზოდის შემდეგ გაუგებრობა მალევე ამოიწურა, ახალგაზრდები დამშვიდნენ და დაძაბული ფონი განიმუხტა. 

 „იყო ორი ჯგუფი, ნახალოვკელები და საუბრთალოელები. მე თვითონ ნახალოვკელი ვარ და ვიყავი მათთან. მერე ამოვიდნენ საბურთალოელები. თავიდანვე დაიძაბა სიტუაცია. დიჯეი კოკო, ჩემი მეგობარია. იგი თავისი აპარატურით ამოვიდა, როდესაც აწყობდა ერთ-ერთმა ნახალოვკელმა უთხრა დიჯეი რაღაც ჩართეო. არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, ეს იყო პირველი კონფლიქტი“,- აღნიშნა ანი გაბეჩავამ.         

დაახლოებით ერთ საათში კამათში მონაწილეებს შორის ურთიერთობა, მკვეთრად შეიცვალა. გაბეჩავა ამბობს, რომ სტუმრები ერთმანეთს აგარაკის მიმდებარედ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, ფაქტს თვითონ არ შესწრებია. 

18 წლის გოგო ამბობს, რომ მის დაბადების დღეზე ერთადერთი დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი იყო. ის აგარაკზე, კიდევ 2 დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად მივიდა. ჩიქოვანი ნარეკვავში ჩადის პირველი სიტყვიერი კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, თუმცა უკვე მეორე ეპიზოდში სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ისიც მონაწილეობს. 

„მე სახლში ვიყავი და რატომ იკამათეს არ ვიცი. გავიგე გვიან, უკვე როცა ჩხუბზე გადავიდნენ და როდესაც გამოვედი უკვე ნაცემი იყვნენ ნახალოვკელები, ორი პიროვნება დავინახე ჩიქოვანი და ხეჩიშვილი - ნაცემი, იქ გავიგე რომ ნიკა ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძეც, ბარბაქაძეც, საბურთალოელების მხრიდან არავინ იყო დაშავებული. ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი“,-განაცხადა ანა გაბეჩავამ.  

აგარაკის გარეთ ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა. ანა ამბობს, რომ ამ დაპირისპირებების შემდეგ აგარაკიდან ჩხუბში მონაწილე ყველა ახალგაზრდას მოსთხოვა, რომ წვეულება დაეტოვებინათ. ადგილზე მყოფებმა სახლი ღამის 12 საათამდე დატოვეს. 

აგარაკზე რჩებიან იუბილარის ახლო მეგობრები და ასევე გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. იუბილარი ამბობს, რომ არცერთ მათგანს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, აგარაკის დატოვება მათ ამიტომაც არ მოსთხოვა. 

18 წლის გოგოს დაბადების დღე ტრაგედიად მას შემდეგ იქცა, როდესაც ჩხუბში მონაწილე ნაცემი ახალგაზრდები უფროსებთან ერთად, კერძოდ მორაგბეებთან არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძესთან ერთად სამაგიეროს გადასახდელად დაბრუნდნენ. 

ამ დროს ნარეკვავში დარჩენილებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლისზე წასულიყვნენ. გადანაწილდნენ მანქანებში, სამწუხაროდ გიორგი შაქარაშვილისთვის და მასთან ერთად კიდევ 5 ახალგაზრდისთვის ადგილი არ დარჩა, ამიტომ მათ მაგისტრალზე გადასვლა და ტაქსის გაჩერება გადაწყვიტეს - ეს ის დროა, როდესაც რკინის ხელჯოხებით შეირაღებული ადამიანები 2 ავტომობილით გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს გადააწყდნენ. 

დეტალები ნახეთ „შაბათის ფორმულას“ გამოშვებაში. 


close დახურვა