რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდინფიცირებული ექთანი თიკა მაკარიძე, რომელსაც რუსთავში კონტაქტი 10-მდე ადამიანთან ჰქონდა, "ფორმულანიუსთან" ყვება, რომ 3 თვის განმავლობაში ის მისივე სურვილით, ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობდა და საავადმყოფოში ტესტირებას რეგულარულად იტარებდა.
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ექთანმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია, მაკარიძე უარყოფს. ინფიცირებული ექთანი ყვება, რომ მას მუშაობის პროცესში საავადმყოფოსგან იზოლაციაში ყოფნის მითითება არ ჰქონდა, შესაბამისად წესებიც არ დაურღვევია.
მისი თქმით, ის 7 ივნისს რუსთავში იყო, სადაც დაბადების დღე 10-მდე ადამიანთან ერთად აღნიშნა. კორონავირუსის სიმპტომები ორ დღეში გამოუვლინდა. ამ დრომდე უცნობია მისი დაინფიცირების წყარო.
ტესტირება ჩაუტარდა მაკარიძის კონტაქტებსაც, 9-ვეს პასუხი უარყოფითია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში ამ დრომდე რჩებიან.
"ტესტი ბოლო იყო უარყოფითი. არანაირი სიმპტომი არ მქონია. უშუალო კონტაქტი ბოლო დროს ინფიცირებულთან არ მქონია, ამიტომ უფრო მეტი სითამამით დაბადების დღეზე 10 კაცი შევიკრიბეთ. პრობლემა ის კი არ არის, რომ რაღაცას უარვყოფ. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თვითიზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ასე არ არის თვითიზოლაციაში ჩემი ინიციატივით ვიყავი და შესაბამისად კანონი არ დამირღვევია", - აცხადებს თიკა მაკარიძე.