ევროპელი სოციალისტების წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივით, არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლებით საქართველოს იმ მოქალაქეებმაც უნდა ისარგებლონ, რომლებსაც არა ID ბარათები, არამედ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ.
საპარლამენტო დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამბობენ, რომ არსებობს კანონის უფრო მავნებლურად გამოყენებისა და არჩევნების გაყალბების საფრთხეები.
"ამის მიზანია გაყალბება. ამით არჩევნებში ხმის მიცემა არის მე-19 საუკუნე", - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე.
ცესკოს წევრის, ანა კობახიძის თქმით, ლამინირებული პირადობის მოწმობის გაყალბების შანსი მეტია, ვიდრე ID ბარათის. კობახიძე განმარტავს, რომ ვისაც ძველი, ლამინირებული პირადობა აქვს, მათ ქვეყანა აქვთ დატოვებული და ისინი ვერც და არც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
"ამიტომ იყო ეს ჩვენთვის მისაღები და ამიტომ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა მანიპულაციებისგან ერთ-ერთი დამზღვევი საშუალება. ნაწილი იმ ადამიანების, ვისაც ძველი ლამინირებული პირადობა აქვს, ქვეყანა აქვს დატოვებული და ისინი ვერც იღებენ, არც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ვისაც აქვს დარჩენილი, ამისთვის ძალიან მარტივად და ყოველ არჩევნებზე ეს ისედაც ხდებოდა, ID ბარათების გაცემა უფასოდ უნდა მომხდარიყო, ამის კამპანიები უნდა ჩატარებულიყო", - აცხადებს ის.