logo
ENG



იოზვიაკი: სიიარტოს თქმით, უნგრეთის თავმჯდომარეობისას საქართველოსთან მოლაპარაკებას გახსნიან

20 თებ 202422:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/mrvczwn8v4qi6x1.jpg

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელ ასოცირებულ საბჭოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ EU-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებებს გახსნიან.

უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წლის ივლისში გახდება და დეკემბრამდე იქნება. იოზვიაკის თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრაზე თქვა, რომ ივლისიდან-დეკემბრის პერიოდში წამოაყენებენ IGC-ის მოწვევის საკითხს. IGC ევროკავშირის პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენციაა, რომელიც არის ფორმალური პროცედურა მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

იოზვიაკმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, ასოცირებულ საბჭოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც კი არ ესწრებიან, თუმცა დღევანდელი შეხვედრა გამონაკლისი იყო, რადგან მას წევრი ქვეყნის საგარეო საქმთა მინისტრი დაესწრო. 

"საინტერესო ასპექტი ევროკავშირი-საქართველოს დღევანდელი ასოცირებული საბჭოდან: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა! ჩვეულებრივ, წევრი ქვეყნების ელჩებიც კი არ ესწრებიან ხოლმე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში (ივლისიდან-დეკემბრამდე) წამოაყენებს IGC-ს მოწვევის საკითხს - ანუ გახსნის წევრობის მოლაპარაკებებს საქართველოსთან. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ერთსულოვნება", - წერს იოზვიაკი X-ზე. 

დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დიდი ხანია რაც იმსაუხურებს ევროკავშირის წევრობას. მან აღნიშნა, რომ "უნგრეთის თავმჯდომაროების პერიოდში ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ".

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

2023 წლის 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათ უთხრეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მომავალი წლის დეკემბერში განიხილება. ის ირწმუნებოდა, რომ 2024 წლის დეკემბრამდე და "უფრო ადრეც" მზად იქნებიან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის.


close დახურვა