logo
ENG



იონათამიშვილი კონგრესმენების წერილზე: შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს

23 იან 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ დასავლელი კანონმდებლების წერილში გარკვეული უზუსტობებია. 

„აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს, მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია და შეფასებები იქნება უფრო ობიექტური“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

საკითხს, ასევე, "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ეხმაურება. მისი თქმით, კონგრესმენების წერილი არის კრიტიკული და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ნათლად ასახავს. 

„ეს უმწვავესი კრიტიკული წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში სჩადის. კერძოდ, პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა და საზოგადოებაზე ძალადობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სტრატეგიულ ობიექტებზე უარის თქმა, მაგალითად, ანაკლიის პორტზე. ეს ყველაფერი აღელვებს საზოგადოებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსაც“, - ამბობს აბესაძე.

კოლეგის პოზიციას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც, რომელიც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" პოზიცია წერილთან დაკავშირებით, გუნდის მხრიდან გულგრილობაზე მიანიშნებს. 

"ეს განწყობაა საერთაშორისო დონეზე და თუ „ქართული ოცნება“ ვერ ხედავს, ეს მის გულგრილობას ადასტურებს საერთაშორისო პროცესების მიმართ. საქართველო იზოლირებული ქვეყანა ვერ გახდება“, - განაცხადა ფოფხაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნა. წერილში კონგრესმენები საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულები არიან. 


close დახურვა