logo
ENG



იოსელიანი: მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს

01 მაი 202423:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/7rqlr7y90rtw9ei.jpg

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეები შეკრების თავისუფლების ფარგლებს არ გასცდნენ. 

"ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ომბუდსმენი ასევე, შეახსენებს შსს-ს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. 

 


close დახურვა