მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია და მისი ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება.
"დოკუმენტი შეთანხმებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ყველა დაინტერესებულ პირთან, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრებს. წარმოდგენილი იყვნენ საელჩოს წარმომადგენლები. ამიტომ, პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი - ეს იყო ის, რომ ყველა პარტიას კომისიაში ყოლოდა არა წარმომადგენელი, არამედ წევრი, ავტომატურად მომხდარიყო უბნების 10%-ის გადათვლა, ელექტრონული არჩევნების შემოტანის შესაძლებლობა კანონმდებლობის დონეზე და ბევრი სხვა საკითხი. ეს ყველაფერი მიღწეულია და დღე-დღეზე მოხდება ამის ინიცირება". - თქვა მან.
იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში, როგორც თავად თქვეს, იმ პირობით შევიდნენ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა მოხდებოდა. 29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კანონპროექტი 1-ლ მარტამდე არ დარეგისტრირდებოდა, მოქალაქეები პარლამენტს დატოვებდნენ.
მათივე განცხადებით, ცვლილებების კანონპროექტი 1-ლ მაისამდე უნდა იქცეს კანონად.