logo
ENG



იოსელიანი: შევეცდები დავასაბუთო, რატომ არ უნდა მოუხსნან მელიას იმუნიტეტი

15 თებ 202112:23
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს და შეეცდება, თავისი ეს გადაწყვეტილება დაასაბუთოს. 

იოსელიანის თქმით, მაშინ, როცა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზეზით, უარი თქვა მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე, ახლა საპირისპირო გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული. 

"როცა შემოვა ეს საკითხი პარლამენტში, მე შევეცდები, დავასაბუთო, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ ჩვენ მას შევუნარჩუნეთ მანდატი და ამის არგუმენტი იყო ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის უნდა დაგვეტოვებინა სივრცე. მე მაინტერესებს ამ არგუმენტზე მათი პასუხები, მაინტერესებს, ჩემი კოლეგები ქართული ოცნებიდან როგორ ხედავენ პარლამენტის როლს ამ პროცესში. პარლამენტი იმისთვის არის, რომ არაოდრინალურ სიტუაციებში დადგეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზევით". - თქვა ლევან იოსელიანმა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. 

ამის გამო პარლამენტი გეგმავს, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას - შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რათა შემდგომ საშუალება ჰქონდეს, სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს.  

შესაბამის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 


close დახურვა