„ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ „იპსოსის“ კვლევები ცხადყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს - საზოგადოების სურვილს, შეიცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა.
როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნების გზით არ დათმოს ხელისუფლება და სწორედ ამის შედეგია საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება - ხელისუფლება აღარ უწევს ანგარიშს საკუთარი ხალხის სურვილებს.
„იპსოსის კვლევა გვეუბნება, რომ ხალხში არის ცვლილების სურვილი. შეიძლება ეჭვი არსებობს, მაგრამ არსებობს სურვილი. ეს არის როგორც შესაძლებლობა, არის გამოწვევაც. როცა ხელისუფლება ახალია, ქმედითია - ოპოზიციის მდგომარეობა უფრო რთულია, რადგან პოზიციონირება ისეთი მარტივი არ იყოს. მაგრამ დღეს „ოცნება“ იმ მდგომაროებაში ამყოფებს თავსაც და ქვეყანასაც, რომ გვიჭირს გამოვყოთ პოზიტიური მომენტები. დღეს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებით მოვიდა, ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება აღარ დათმოს იგივე გზით. ამ შთაბეჭდილებას ტოვებს ქვეყნის გარეთაც და საერთაშორისო პარტნიორებისგან ვხედავთ საგანგაშო გზავნილებს“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.