ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
მანამდე, ის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.
ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, თავდაპირველად ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და "ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე" დანიშნეს.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია მზია ამაღლობელის საქმეში - სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს მან მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ მზია ამაღლობელმა "მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად დაარტყა", რის შემდეგაც "ტკივილი განიცადა".
თავად მზია ამაღლობელი კი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში - სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
