ფილმი „Now is everything“ პირველი თრეილერის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს, საფესტივალო მოგზაურობას ევროპაში დაიწყებს. იტალიელი რეჟისორის დანტე სპინოტის ფილმი ჯერ არც მის მთავარ გმირს უნახავს და ვერც 22 ნოემბერს დაგეგმილ პრემიერას დაესწრება ტალინში.
კასტინგზე ფილმის ქართველი მხატვრის წყალობით მოხვდა, ჯერ ეპიზოდურ როლზე დაამტკიცეს,თუმცა მერე რეჟისორს კიდევ უფრო მოეწონა და ფილმის მთავარ პერსონაჟად აქცია. ირაკლი კვირიკაძე იხსენებს, რომ ფილმის ავტორი დისტანციური იყო და მსახიობებსაც განსაკუთრებული თავისუფლება მისცა. სამაგიეროდ, გადასაღებ მოედანაზე ახალგაზრდა მსახიობს რჩევებს, ცნობილი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი აძლევდა.
ირაკლი კვირიკაძე მაყურებელმა რეზო გიგინეიშვილის ფილმით „მძევლები“ გაიცნო, თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებულ ფილმში ირაკლი გეგა კობახიძის როლს თამაშობდა. ამ როლით ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award-ი გადაეცა. „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა 2018 წლის რიგით 68 - ე ბერლინის კინოფესტივალზე შედგა
მსახიობი დღეს ამერიკაში ცხოვრობს და ამბობს რომ იქ სადაც, ყველა მეორე გამვლელი მსახიობია უამრავი კასტინგის მიუხედავად ახალი როლების მოპოვება არც ისე ადვილია. მსახიობს ახალი შემოთავაზება აქვს, თუმცა სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, ახალი ფილმის ამბავს საიდუმლოდ ტოვებს. ირაკლი კვირიკაძე საქართველოში წლის ბოლოს ჩამოვა და მის პირველ ჰოლივუდურ როლს ქართველ მაყურებელსაც აჩვენებს.