საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე ორმხრივ შეხვედრებს ევროკავშირსა და NATO-ში გამართავს.
"ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ცნობილია, რომ პრემიერი შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.
კობახიძე ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. კონკრეტულად, მის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.