რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს მისსავე სასამართლო პროცესს დაესწრო. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერს ადვოკატის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა და გაირკვა, რომ ვერცერთი მათგანი პროკურატურის მიერ ოქრუაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას ვერ ამყარებს. მოწმეები ვერც ოპოზიციის ლიდერის მიერ პარლამენტში შეჭრის მოწოდებას და ვერც მათ მიმდებარედ აქციაზე ოქრუაშვილის ყოფნას იხსენებენ.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელს, რომელმაც საქმეში მტკიცებულებად დართული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი შეისწავლა უჭირს განაცხადოს თუ რა მიმართულებით და რა მიზნით წასვლას სთხოვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი მომიტინგეებს. მოწმის თქმით, ჩანაწერში ოქრუაშვილის მხოლოდ ერთი ფრაზის იდენტიფიცირება მოხერხდა. სწორედ ეს ვიდეომასალა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ოქრუაშვილის წინააღმდეგ.
დღევანდელ პროცესზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებიც დაიკითხნენ. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ორმა თანამშრომელმა ვერ დაადასტურა, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ოქრუაშვილი დაინახეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან პრეტენზიები არ აქვთ.
ბრალდების მხარეს საქმეში 400 მოწმე ჰყავს დასაკითხი. სწორედ მოწმეთა რაოდენობაა დაცვის მხარის უკმაყოფილების მიზეზი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ პროკურატურა არაფრისმთქმელი მოწმეების დაკითხვით დროს კარგავს.
"ჩვენი მიზანი პროცესის გაწელვა რომ იყოს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმის დაკითხვას მოვითხოვდით. დილემის წინაშე ვარ, მეორე საქმეზე გადავერთო, თუ აქ ვიარო და ვუსმინო ამ მოწმეებს...... სახელმწიფოს ხარჯზე ვცხოვრობ, არც დენის და არც წყლის ქვითარი არ მომდის. იფიქრეთ იმაზე, რომ სახელმწიფოს და თქვენი რესურსი იხარჯება, თორემ პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს - 110",-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის ინტერესების დამცველი მოწმეთა ჩვენების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ საქმე შეკერილია და ბრალდების მტკიცებულებები უბრალოდ მაკულატურაა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები ქართულ ოცნებას ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. მოლოდინი აქვთ რომ საერთაშორისო საზოგადოება ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს. ბრალდების მოწმეთა ჩვენებების მოსმენისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ბოლო სკანდალური განცხადების შემდეგ დარწმუნებულები არიან რომ ხელისუფლება ოპონენტის მიმართ საქმის დამძიმებას ხელოვნურად ცდილობს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. შემდეგი სხდომა საქალაქო სასამართლოში 13 დეკემბერსაა ჩანიშნული.