თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი იქრუაშვილის სასამართლო პროცესი 24 დეკემბრამდე გადაიდო. პროცესზე ბრალდების მხარემ 3 მოწმე დაკითხა. თავად ბრალდებული სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.
ადვოკატების განცხადებით, საქმის მასალაში დევს ერთადერთი მტკიცებულება, კერძოდ კი, ვიდეო ჩანაწერი. მათივე განმარტებით, ვიდეოთი მტკიცდება მხოლოდ ის რომ ნამდვილად იმყოფებოდა ოქრუაშვილის პარლამენტის შენობასთან.
„იგივე გრძელდება რაც წინა სხდომებზე. მოდიან დაზარალებული პოლიციელები, რომლებსაც ირაკლი ოქრუაშვილი არ უნახავთ, არანაირი შეხება მასთან არ ჰქონიათ და 400 კაცი ჰყავთ ასეთი, რომელსაც ოქრუაშვილი არ უნახავს. მოვლენ კიდევ ასეთი პოლიციელები და ეს ცირკი მომავალში უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
ოქრუაშვილის თანაგუნდელი გურამ ჩალაგშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე დროს წელავს და სურს ოქრუაშვილი რაც შეიძლება მეტხანს ამყოფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
"მნიშვნელობა არ აქვს რამდენი მოწმე იქნება, საბოლოოდ მაინც ისე იქნება როგორც ივანიშვილი იტყვის. 3 მოწმე დაიკითხა და მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ოქრუაშვილი ნახა. ეცდებიან ეს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა მაქსიმალურად გამოიყენონ და დროს წელავენ“, - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი გიორგი მუკბანიანი ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი პარლამენტში შეჭრას ცდილობდა და ამას პოლიციელებიც ადასტურებენ.
"ყველა მათგანი მიუთითებს ოქრუაშვილის ბრალეულობაზე, რადგან ოქრუაშვილის ქმედებებს შედეგად მოჰყვა მათი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ზოგს დასჭირდა მკურნალობა საზღვარგარეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ პირადად ნახა, როგორც მონაწილეობდა ოქრუაშვილი შეჭრის პროცესში", - განაცხადა მან.