თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი დასრულდა. სასამართლო სხდომას დღეს პირველად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდა. შემდეგი სხდომა 13 მარტს გაიმართება.
პროკურორი გიორგი მუკბანიანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალ შუამდგომლობაზე საუბარი არ არის.
„შემდეგი სხდომა 1 კვირაში არის ჩანიშნული. ხვალ და ზეგ შეიძლება რეალური პასუხი გაგცეთ რა იქნება?! პოლიტიკურ შეთანხმებებთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ. ახალი არაფერია“, -განაცხადა მუკბანიანმა.
რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, ის სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. მისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შესთავაზებენ, ის მას არ დასთანხმდება.
"შეიძლება პროკურატურა ამისთვის მზად არ იყოს დღეს. უწყებასთან კომუნიკაცია გვექნება და იმის მიხედვით დავაყენებთ იმ შუამდგომლობას, რაც დასაყენებელია. ოქრუაშვილს 2 საქმეზე აქვს წარდგენილი ბრალდება და ორივეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურას დრო სჭირდება. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა დალაგდეს. საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდება ირაკლი. ეს მისი მხრიდან გამორიცხულია, რადგან ეს ბრალის აღიარებას ნიშნავს“, - ამბობს ადვოკატი.
გარდა ამისა, პროცესზე მოწმის სახით "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია გამოიკითხა.
შეგახსენებეთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, 21-21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.