საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 29 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც "ზაგულბას" სასახლეში გაიმართება.
უწყების ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.
საქართველოს დელეგაციაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.