ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველის შესახებ ირაკლი კობახიძის შეფასებებს იზიარებს.
ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან თავად თქვა.
პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ნინო ლომჯარიას პოზიციები "თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას".
"ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, შეიძლება ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება გახდეს.
ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას".- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 23 ნოემბერს ნინო ლომჯარიამ, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი, თქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მით უფრო, თავმჯდომარე კობახიძე, სერიოზულ ფიგურებად არ მიაჩნია.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სახალხო დამცველი არაერთხელ დაადანაშაულა მიკერძოებაში და მისი მანდატიც დააკნინა. 9 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის".