საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სამინისტრო აცხადებს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი, ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა.