logo
ENG



ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილია - ტურისტები საქართველოს ტოვებენ

23 თებ 202020:02
3 წუთის საკითხავი
clock 757

ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილია. ბოლო რეისი ირანის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთში შესრულდება.

ჯერჯერობით ღია რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, ისიც ჩაიკეტება.

ირანში შექმნილი ვითარების შესახებ, „ფორმულანიუსმა“ ინტერვიუ ჩაწერა თეირანში მყოფ ირანის მოქალაქესთან. როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და მოსახლეობა ხელისუფლებას არ ენდობა.

რაც შეეხება 4 ირანელ ახალგაზრდას, რომლებიც თბილისში, ინფექციურ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით პირდაპირ აეროპორტიდან მიიყვანეს, ექიმები გასაწერად ამზადებენ. მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა გზა გაიარეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფომდე, შეამოწმეს თუ არა ისინი საზღვარზე, ჰქონდათ თუ არა ცხელება საქართველოში გამომგზავრებამდე. პასუხგაუცემელი კითხვები ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ქვეყანა საშიშ ინფექციებს მოუმზადებელი ხვდება.

საზღვრებზე დაუცველ უსაფრთხოებასთან ერთად ჯანდაცვის სპეციალისტები უშუალოდ სამედიცინო სფეროში გამოვლენილ მნიშვნელოვან გადაცდომებზეც მიანიშნებენ. მათი თქმით, მოუმზადებელი მედპერსონალი, არასათანადო აღჭურვილობა და დამცავი საშუალებების არასწორი გამოყენება არამხოლოდ პრევენციას ვერ მოახდენს, არამედ დამატებით საფრთხეს ქმნის.

შენიშვნებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა. ის ირწმუნება, რომ კლინიკის ტერიტორიაზე საკმარისი  რაოდენობის ბოქსირებული პალატა აქვთ, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი.

ბოქსირებულ განყოფილებაში არ ჰყავთ, თუმცა იზოლაციაში არიან ამ დრომდე საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოიყვანეს. 24 ქალის 2 ბავშვის და 8 მამაკაცის ევაკუაციის ფაქტს ხელისუფლება მალავდა. არ ამბობდნენ იმასაც, რომ საჩხერის კლინიკაში მიჰყავდათ, სადაც სპეციალური პირობები შექმნილი არ არის. კარანტინის მესამე დღეს ირკვევა, რომ იზოლაციაში მოქცეულებს შორის ფეხმძიმე ქალია.

ექიმების განცხადებების მიუხედავად, მოსახლეობას ვირუსის შიში აქვს. ამას მოწმობს ხარაგაულის რაიონში  დაწყებული პროტესტიც, რომელიც რეგიონში ჩინეთიდან მუშების დაბრუნებას მოჰყვა.  სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა მუშაობა შეწყვიტეს. ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. 


close დახურვა