ირანმა რუსეთისგან თანამედროვე სამხედრო გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, განისაზღვრა სამხედრო ტექნიკის ირანში ჩატანის ვადები. ინფორმაცია ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მედიას დაუდასტურა.
ირანის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ Su-45, მოიერიშე ვერტმფრენების Mi-28 და სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავების Yak-130 ყიდვაზე.
ირანის შეიარაღებულ ძალებს საავიაციო შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ათეული მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავს, მათ შორის, რუსული წარმოების თვითმფრინავები და ძველი წარმოების ამერიკული მოდელები, რომლებიც ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შეიძინეს.
მოსკოვსა და ირანს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. რუსეთმა ირანისგან შეისყიდა მოიერიშე და მზვერავი დრონები. თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ირანის მხარდაჭერა რუსეთის საოკუპაციო არმიის მიმართ უახლოეს თვეებში უფრო და უფრო გაიზრდებოდა.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვაში "თითქმის დარწმუნებით" ამბობდნენ, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ ირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ე.წ კამიკაძე დრონებს აწვდის. რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ირანს სანქციები დაუწესეს.