logo
ENG



ირანი უკრაინას საპასუხო მოქმედებებით ემუქრება კასპიის ზღვაში გემზე თავდასხმის შემდეგ

27 ივლ 202613:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/27/6owvdu6qneq27iq.png

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, „უპასუხოდ არ დარჩება“.

არაღჩის თქმით, თავდასხმა გაეროს წესდების დარღვევაა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ასევე ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ცდილობს, „ევროპა საკუთარ ომში ჩაითრიოს“. მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც ისაუბრა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმა 26 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც კომერციული გემი აფეთქდა. უკრაინამ განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდსა და იმ გემებს დაარტყა, რომლებიც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა. თეირანი კი ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არასდროს ჩარეულა.

უკრაინას მუქარა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ებრაჰიმ აზიზიმაც გაუგზავნა. მისი თქმით, „ირანზე ნებისმიერი თავდასხმა ფასის გადახდას მოითხოვს“ და „უკრაინაც მალე მიხვდება, რომ ირანი მსგავს ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს“.

თავდასხმის შემდეგ ირანმა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა და მომხდარი „მტრულ და დანაშაულებრივ ქმედებად“ შეაფასა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში შორი მოქმედების დარტყმებით „ძალიან ძლიერ შედეგებს“ მიაღწია. მისი თქმით, განადგურდა რუსეთის სამხედრო ხომალდი და სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადამზიდავი გემები, რომლებიც ირანთან იყო დაკავშირებული.

ზელენსკიმ ასევე რუსეთი დაადანაშაულა ირანისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაში და განაცხადა, რომ მოსკოვი სპარსეთის ყურის რეგიონსა და იქ განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე სადაზვერვო თანამგზავრულ მონაცემებს თეირანს გადასცემს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგას სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მეზღვაურის გამო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები, მისი შეფასებით, „კიევის რეჟიმის ავანტიურებს“ უნდა დასრულდეს. ამავე განცხადების თანახმად, არაღჩიმ ლავროვს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის შესახებაც აცნობა.


close დახურვა